გუდამაყრის ხეობაში კლდე ჩამოიშალა

დუშეთის რაიონში, გუდამაყრის ხეობაში კლდე ჩამოიშალა. ნაშალმა კლდემ ჩახერგა საავტომობილო გზა, რის გამოც ხეობის 22 სოფელი გარესამყაროს მოწყდა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის ცნობით,   გზის გაწმენდა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით არ დაწყებულა.

“არის საშიშროება იმისა, რომ მთლიანად მთა დაიძრას და მოხდეს უბედური შემთხვევა. ამიტომ, დღევანდელი მდგომარეობით, გაწმენდითი სამუშაოები შეჩერებულია”, -განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ სეხნიაშვილმა.

მისივე ცნობით,  მუნიციპალიტეტმა, ადგილზე კვლევების დაწყების მიზნით, უკვე გააგზავნა ოფიციალური წერილი შესაბამის სტრუქტურებში.

კლდის ნაშალი ფენა გუდამაყრის ხეობის მესამე კილომეტრზე ჩაიკეტა, შესაბამისად, ხეობის ყველა დასახლებული პუნქტი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.