სტრასბურგში რუსეთის საკონსულოს თანამშრომელი ველოსიპედების ქურდობაშია ეჭვმიტანილი

სტრასბურგში რუსეთის საკონსულოს თანამშრომელი  ველოსიპედების ქურდობასა და გაყიდვაშია ეჭვმიტანილი.

40 წლის რუსეთის მოქალაქე პოლიციამ რუსეთის საკონსულოს შენობის წინ თებერვლის დასაწყისში დააპატიმრა, როცა ის მოპარული ველოსიპედის გაყიდვას ცდილობდა.

ბრალდებულმა ველოსიპედი ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის შენობის წინ მოიპარა. ნივთი  სტრასბურგის დეპუტატს, ქალაქის ყოფილ პირველ ვიცე-მერს, ალენ ფონტანელს ეკუთვნოდა. დეპუტატმა მოპარული ველოსიპედი სარეკლამო განცხადებების საიტზე აღმოაჩინა.

განცხადებების საიტზე საკონსულოს თანამშრომლის ანგარიშზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მან  300-ზე მეტი ველოსიპედი გაყიდა. ველოსიპედების საერთო ღირებულება დაახლოებით 100 ათასი ევროა. ვარაუდობენ, რომ ყველა ველოსიპედი მოპარული იყო.

საკონსულოს თანამშრომლის დაკითხვა ვერ მოხერხდა. მან ქვეყანა დატოვა, როგორც აცხადებენ, ჯანმრთელობის პრობლემების გამო.

ინციდენტის შესახებ რადიოსადგური France Bleu იტყობინება.