ევროპის რამდენიმე ქვეყანა “ასტრაზენეკას” გამოყენებას ანახლებს

გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყებას ანახლებს. ინფორმაციას BBC ქვეყნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის  ინფორმაციით, ქვეყნებმა “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენება ევროპის მედიცინის რეგულატორის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შემდეგ განაახლეს. დასკვნაში ვაქცინა “უსაფრთხოდ და ეფექტურად” არის შეფასებული.

ევროპის წამლის სააგენტომ ვაქცინა მას შემდეგ შეაფასა, რაც ევროპის 13-მა ქვეყანამ მისი გამოყენება დროებით შეაჩერა, თრომბის წარმოქმნასთან დაკავშირებული შიშის გამო.

წამლის სააგენტომ დაადგინა, რომ “ასტრაზენეკა” არ არის დაკავშირებული თრომბის წარმოქმნის მაღალ რისკთან.

BBC-ის ინფორმაციით, ვაქცინის შემოდგომი გამოყენების საკითხი თავად ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ  ქვეყნებს “ასტრაზენეკას” გამოყენების განახლებისკენ მოუწოდა. ჯანმო საკუთარი მიმოხილვის შედეგებს პარასკევს გამოაქვეყნებს.

რა წერია „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ევროპის წამლის სააგენტოს დასკვნაში

ევროპის წამლის სააგენტოს ფარმაცევტული პროდუქტების ზედამხედველობის კომიტეტმა დაადგინა, რომ:

  • ვაქცინის დადებითი მხარეები გადაწონის გვერდითი მოვლენების რისკს კორონავირუსის ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებულ საფრთხესთან ბრძოლაში (რომელსაც ასევე შეუძლია გამოიწვიოს თრომბთან დაკავშირებული პრობლემები და იყოს ლეტალური);
  • ვაქცინა არ არის დაკავშირებული სისხლის თრომბების ზრდის მთლიან რისკთან იმ ადამიანებში, ვინც იგი გაიკეთა;
  • არ არსებობს მტკიცებულება, რომ პრობლემა დაკავშირებულია ვაქცინის კონკრეტულ პარტიასთან ან წარმოების ადგილთან;
  • ამის მიუხედავად, ვაქცინა შეიძლება იყოს დაკავშირებული თრომბების წარმოქმნის ძალიან იშვიათ შემთხვევებთან, ანუ თრომბოციტების დაბალ დონესთან, სისხლდენით ან მის გარეშე, მათ შორის ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზის [CVST] იშვიათ შემთხვევებთან;

პრესრელიზში ასევე მოცემულია ინფორმაცია პაციენტებისთვის:

COVID-19-ის სერიოზულობიდან და მისი გავრცელების მასშტაბიდან გამომდინარე, ვაქცინის სარგებელი გადაწონის გვერდითი მოვლენების რისკს;თუ პაციენტებს AstraZeneca-ს ვაქცინის მიღების შემდეგ აქვთ შემდეგი სიმპტომები:

  • სუნთქვის პრობლემები;
  • ტკივილები გულმკერდის ან მუცლის არეში;
  • ამობურცული ადგილები ან სიცივის გრძნობა ხელებში ან ფეხებში;
  • ძლიერი ან გაუარესებადი თავის ტკივილი, ბუნდოვანება მხედველობაში ვაქცინაციის შემდეგ;
    მუდმივი სისხლდენა;
  • მრავალი მცირე დალურჯებები, მოწითალო ან მოიისფრო ლაქები, სისხლის ბუშტები კანის ქვეშ

სააგენტო და კომიტეტი მოუწოდებენ მათ მიმართონ მედიკოსებს და შეატყობინონ ვაქცინაციის შესახებ.