ვოლსკი: ოპოზიციის ულტიმატუმია: ხელისუფლებამ “თავზე ნაცარი წაიყაროს”

არის ულტიმატუმი, რომ ხელისუფლებამ “თავზე ნაცარი წაიყაროს” და აღიაროს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ, ხოლო არჩევნები იმდენჯერ ჩატარდეს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ აირჩევენ და ჩაის პარლამენტის ტრიბუნიდან არ დალევს – ამ ულტიმატუმის მიღმა არაფერი არ დგას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, საზოგადოება ბრმა არ არის და ყველა ხედავს რაც მოხდა.

“ერთმანეთის დადანაშაულება შეიძლება, მაგრამ საზოგადოება არ არის ბრმა, როგორც ზოგიერთს ჰგონია. ყველა ხედავს რა მოხდა. ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ევროკავშირის დროშით რაღაც აქციებს შეუერთდნენ, უნდა დაფიქრდნენ, რა პოზიცია აქვს ევროკავშირს. დაფიქრდნენ იმ დამოკიდებულებაზე, რაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს პროცესის მიმართ გააჩნიათ. ვინც ამას სიღრმისეულად გაანალიზებს, ბევრი ადამიანი, ვინც ოპოზიციას უჭრეს მხარს, აქციაში მონაწილეობას გადაიფიქრებს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის 9-საათიანი შეხვედრა გუშინ ძირითად საკითხებზე შეთანხმების გარეშე დასრულდა.