ვაჟა სირაძე: დაძაბულობა პოლიციამ განმუხტა

 პოლიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდი ვითარება – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ, „ექსპო ჯორჯიაში” განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დაპირისპირების შედეგად არავინ არ დაუკავებიათ.

„ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. ამ ეტაპისთვის მშვიდი ვითარებაა. იყო გარკვეული დაძაბულობა, რომელიც პოლიციის მიერ განიმუხტა. პოლიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ადგილზე შევინარჩუნოთ მშვიდი ვითარება და ადგილი არ ჰქონდეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებს. დაკავებული არავინ არ არის“ , – განაცხადა სირაძემ.

„ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე, დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაპირისპირების მიზეზი რაგბის პრეზიდენტობის კანდიდატის სოსო ტყემალაძის მისვლა გახდა. ადგილზე შეკრებილები ტყემალაძესთან მიახლოებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.