ვაშაძე: დანიელსონთან შეხვედრაზე “ტვ პირველის” საკითხიც დაისმება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით „ქართული ოცნება“ „ტვ პირველთან“ დაკავშირებული ქმედებებით მოლაპარაკების ჩაშლას ცდილობს.

ვაშაძის თქმით, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე ეს საკითხიც დაისმება.

„ქართულ ოცნებას“ ამ ქმედებით, რაც „ტვ პირველთან“ მიმართებაში ხდება, უნდათ, ეს მოლაპარაკებები ჩაშალონ და ხელი ოპოზიციისკენ გაიშვირონ. ეს არ გამოუვათ, ამის შესაძლებლობას არ მივცემთ. კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე აუცილებლად დადგება „ტვ პირველთან“ დაკავშირებული საკითხი“, – განაცხადა ვაშაძემ.

2023 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ ვაშაძემ განაცხადა, რომ ამაზე საუბარი სასაცილოა. მისივე თქმით, თარიღზე შეთანხმება სერიოზული უნდა იყოს.

„2023 არა, მოდი, 2024 წლის არჩევნებზე შევთანხმდეთ ბარემ. სასაცილოა, ცოტა სერიოზული ხომ უნდა იყოს. მაგალითად, ოპოზიციამ ჯერ კიდევ დეკემბერში გამოხატა საერთო პოზიცია პლებისციტთან დაკავშირებით. თუ ვერ ვთანხმდებით, ხალხს ვკითხოთ. ეს არის სწორი, დემოკრატიული პროცესი.

არის ერთი ბიულეტენი მაგალითად, თვითმმართველობის არჩევნების და მეორე ბიულეტენი – როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები. ჯერჯერობით ამ ფორმაზე ვსაუბრობთ ჩვენ. წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, დაველოდოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების პოზიციას.

ყველაზე სწორი ფორმა არის ცალკე პლებისციტის, აზრის დაფიქსირების ბიულეტენი იყოს. დაველოდები, მოვუსმენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ისინი რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით. როცა პლებისციტი ტარდება და ხალხის აზრის გამოკვლევა ხდება, თითოეული ადამიანისთვის გასაგები უნდა იყოს, რაზე გამოხატავს პოზიციას. მხოლოდ „კი“ და „არაზე“ არ არის საუბარი, 2023 წელს იყოს არჩევნები თუ 2021-ში. ეს ორი ალტერნატივა უნდა იყოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.