ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის ფერდობზე მეწყერის საფრთხეა. ადგილზე მიწა ორად გაიყო და ამჟამად ტერიტორიაზე მოძრაობა გადაკეტილია.ადგილზე ექსპერტთა ჯგუფია შესული დილიდან და ვითარებას სწავლობს.
შუაზე გაყოფილი ფერდის ფოტოები და კადრები გუშინ პირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა, თუმცა თბილისის მერიამ გზა ორი დღის წინ 16 მარტს გადაკეტა. ამ დროისთვის, შეჩერებულია ვაშლიჯვრის ახალი გზის მშენებლობაც.
“ამ შემთხვევაში, რადგან საქმე ბლოკურ მეწყერთან გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ მთელი ბლოკი გადაადგილდება და საბოლოო ჯამში, გადაადგილება დიდ ლოდებად დამსხვრევას იწვევს,”– ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა სუხიშვილმა შესაძლო მეწყრული პროცესის განვითარების შეფასებისას განაცხადა.
მისი განმარტებით, ეს არის განსხვავებული მექანიზმი, ვიდრე კლასიკური მეწყრული პროცესია, რომელიც მიწის სახით ფერდობზე გადაადგილდება.
“შესაძლებელია ვთქვათ, რომ ეს არის ამ ბლოკური მეწყერის გავრცელების არეალი, თუმცა სადამდე შეიძლება გავრცელდეს, ეს რთული სათქმელია, ვინაიდან დასათვლელია და მოდელირებაა გასაკეთებელი, ამიტომ ზეპირად ვერ გეტყვით,” – განაცხადა ლაშა სუხიშვილმა.