ვოლსკი: იმედები, რომ ეუთო/ოდირი ოდნავ მაინც მიანიშნებდა არჩევნების გაყალბებაზე, არ გამართლდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, “იმედები, რომ ეუთო/ოდირი ოდნავ მაინც მიანიშნებდა არჩევნების გაყალბებაზე, არ გამართლდა”.  გია ვოლსკიმ საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„ეუთო/ოდირის დასკვნა საბოლოოა, შედეგები დაზუსტებულია. იმედები, რომ ეუთო/ოდირი ოდნავ მაინც მიანიშნებდა, რომ არჩევნები გაყალბდა, არ გამართლდა. რასაკვირველია, ასეთ პირობებში, უნდა ეძებონ სხვა გზები, როგორ შეიძლება ეუთო/ოდირის მექანიზმის გამოყენება. მაგალითად, იმის თქმა, რომ შენიშვნები, რაც აქვს ეუთო/ოდირს სწორედ ის არის, რაც განაპირობებს ადამიანის მიერ თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილების შეცვლას. მაგალითად, გამგებელი 25 მეტრში თუ მიუახლოვდება საარჩევნო უბანს, დაჟინებული მზერით შეაცვლევინებს ამომრჩეველს თავის გადაწყვეტილებას. დაახლოებით ასეთ დონეზეა დღეს გაწბილებული ხალხის კამათი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში 5 მარტს გამოაქვეყნა.