დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, „კოვიდ-19“-ით ხელახლა დაინფიცირების რამდენიმე საეჭვო შემთხევევას იკვლევენ, საიდანაც ერთის შემთხვევაში შესაძლოა, ეჭვები გამართლდეს.
ზუსტი ინფორმაცია კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
„ამისთვის საჭიროა, რომ მოძიებულ იქნას ორივე დადასტურებული ნიმუში, პირველადი, მეორადი და შემდგომ მოხდეს მათი გენეტიკური ანალიზი. შემთხვევების კვლევა მიმდინარეობს და ახლა უნდა დამთავრდეს გენური თანმიმდევრობის ბიოინფორმატიკული ანალიზი, შეიძლება, ვთქვათ, ერთი შემთხვევა ჰგავს, შეიძლება, მართლა იყოს რეინფიცირება. პრაქტიკულად სრულდება ანალიზები და ველოდებით, რომ გვექნება პასუხი ამ დღეებში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
პაატა იმნაძემ მუტირებულ შტამთან დაავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, ამ დროისთვის ახალი შტამით დაინფიცურებულთა სამი კლასტერი გამოვლენილი, რომელიც ჯამში 31 ადამიანს მოიცავს. იმნაძის განმარტებით, სამივე კლასტერის კონტაქტები გამოვლენილია და გავრცელების საშიშროება არ არის.
თუმცა, იმნაძე არ გამორიცხავს, ახალი შტამის ახალი კლასტერი გამოვლინდეს, ვინაიდან ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ რამდენიმე საეჭვო შემთხევვას იკვლევენ.
„ჯერჯერობით ბრიტანული შტამის სამი კლასტერი გვაქვს დადასტურებული, სამივე კლასტერში იყო 31 შემთხვევა, საბედნიეროდ, სამივე კლასტერი უკვე დახურულია. ძირითადად ოჯახური გავრცელება იყო. ორი კლასიკურად ბრიტანული იყო, ერთს ჰქონდა ძირითადი ის მუტაციები, რაც აქვს ბრიტანულ შტამს, მაგრამ კლასიკური ბრიტანული არ იყო. არ ყოფილა სამხრეთ აფრიკული, ასევე ბრაზილიური. ახლაც არის კვლევაში რამდენიმე საეჭვო შემთხვევა. ეს არ არის ადვილი გასაკეთებელიი, საჭიროა გენური თანმიმდევრობის დადგენა, რასაც სეკვენსი ჰქვია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.