კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში 6 000-ზე მეტი მოსწავლე გადავიდა

პანდემიის პირობებში, კერძო სკოლებიდან საჯარო სკოლებში 6 000-ზე მეტი ბავშვი გადავიდა. ამის შესახებ პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილეს.

კომიტეტის სხდომაზე  აღინიშნა, რომ 2019-2020 წელს ფინანსური თუ სხვა საკითხების გამო, კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში 3 133 მოსწავლე გადავიდა. მიმდინარე სასწავლო წელს (2020-2021წწ) კი – კერძო სკოლიდან საჯაროში უკვე 3 700 ბავშვია გადასული. კერძო სკოლიდან კერძოში – 583 მოსწავლე.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის მონაცემებით სულ 609 ათასი მოსწავლეა აღრიცხული, მათგან 2020-2021 სასწავლო წელს საჯარო სკოლებში სწავლობს 549 ათასი ბავშვი, კერძო სკოლებში კი – 60 000 მოსწავლე. მოსწავლეები შესახებ მონაცემები მიმდინარე პროცესში ყოველდღიურად იცვლება.

პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ კანონში”, რომლის თანახმადაც, კერძო სკოლებისთვის დავალიანების მქონე მოსწავლეების გარიცხვის პროცედურები იცვლება.