მოსახლეობისთვის მინდა განვმარტო, ჩანაწერები არის ფაბრიკაცია, 11 წლის წინანდელი ჩანაწერებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერის თქმით ჩანაწერები, რომელიც გავრცელდა შედგება უამრავი საუბრისგან და ის სრულად არის ფაბრიკაცია.
„მანამდე არ მქონდა შესაძლებლობა, გამეკეთებინა კომენტარი ამ საკითხზე. კარგად გვესმის, რას ემსახურებოდა აღნიშნული პროვოკაცია, ვისგან მომდინარეობდა ეს პროვოკაცია. ეს არის მიხეილ სააკაშვილის მცდელობა, იმ ფონზე, როცა გამოიკვეთა პოლიტიკური შეთანხმების რეალური კონტურები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, სწორედ მაშინ იყო გამოყენებული ეს უბინძურესი პროვოკაცია, სიყალბე, ფაბრიკაცია. ეს არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი. დასაგმობია ეს ჩვენი მხრიდან, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ჯანსაღი, კონსტრუქციული ნაწილი გაემიჯნება ამ პროვოკაციას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მისი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის მთავარი საქმეა, რომ იფიქროს ქვეყნისა და ხალხის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
„მინდა გითხრათ, რომ მე არ მსურს აღნიშნული მდარე ხარისხის ბინძურ პროვოკაციებზე მიწევდეს თავის მართლება და განმარტების გაკეთება, რადგან საზოგადოებაში გაჩნდა შეკითხვები, მოსახლეობისთვის მინდა, გავაკეთო შემდეგი განმარტება: ეს ჩანაწერები არის ფაბრიკაცია, 11 წლის წინანდელი ჩანაწერებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი და ყველას უსმენდნენ. მეორე ის, რომ თავად ჩანაწერი შედგება უამრავი საუბრებისგან. ეს არის ფაბრიკაცია ჩეულებრივი. საუბარი იყო, რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი ჩემთან საუბარში, რომ მინისტრები დამირეკავდნენ, მინდა განმარტება გავაკეთო მოსახლეობისთვის – მოგეხსენებათ, მე რვა წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს, ჩვენ ვმართავდით არაერთ საქველმოქმედო პროექტს საქართველოში. ჩვენ 200-300 მილიონის პროექტები გვქონდა წლის განმავლობაში. სამი მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ბიძინა ივანიშვილს ამ ფონდის მეშვეობით, ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინ მე მიწევდა ურთიერთობა მთავრობის უწყებებთან, მინისტრებთან მათ შორის, არაერთი შეხვედრა მქონდა გარდაცვლილ კულტურის მინისტრთან რურუასთან, კვიტაშვილთან, რომელიც ჯანდაცვის მინისტრი იყო, განათლების მინისტრთან” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.









