საბა ბუაძე: „ლელოს“ პოზიცია იგივე რჩება

ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ ოპოზიციის წევრებს შორის გამართული შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.

როგორც საბა ბუაძე აღნიშნავს, “ლელოს” პოზიცია უცვლელია და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა საფრთხეს შეუქმნის ოპოზიციასა და ხელისუფლების დიალოგს.

„ლელოს“ პოზიცია იგივე რჩება, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ღარიბაშვილი, აქამდე ამ მოლაპარაკებებში ისედაც არ მონაწილეობდა, არ მოხდეს ისე, რომ ღარიბაშვილის ფაქტორით მოხდეს მოლაპარაკებებისთვის საფრთხის შექმნა“,-აცხადებს საბა ბუაძე.

ამასთან, საბა ბუაძის განცხადებით, პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით, პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება. ზუსტად ამიტომ მივმართეთ პროკურატურას განცხადებით“,-აცხადებს ბუაძე.

„ლელოს“ წევრებმა: კახა კოჟორიძემ, თორნიკე ართქმელაძემ, ლევან სამუშიამ და სხვებმა, გენერალურ პროკურატურაში ოფიციალური განცხადება შეიტანეს და ფარულ აუდიო ჩანაწერებზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს.