სენატორი შაჰინი: ამ მომენტისთვის, ერთადერთი გამარჯვებული მხარე არის რუსეთი

ვაშინგტონში სენატის სხდომაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

მომხსენებლებმა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს. მთავარი თემა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი იყო.

სენატორმა შაჰინმა მთავრობასა და ოპოზიციას დემოკრატიის გაძლიერებისთვის ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდა.

“ახლა, საქართველოში არსებული ჩიხიდან გამომდინარე, ერთადერთი გამარჯვებული მხარე რუსეთია. რუსეთი ხარობს უწესრიგობისა და ქაოსის გამო და ყოველი დღე, როცა ოპოზიციონერები ციხეში სხედან, რუსეთის გამარჯვებაა. ყოველი დღე, როცა საქართველოს პარლამენტი ცარიელია, ეს ქართველი ხალხისთვის საზიანო და რუსეთისთვის გამარჯვებაა.

სწორედ ამიტომ მე გაკვირვებული და იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ კრიზისი ასე დიდხანს გაგრძელდა. დღეს მე მოვუწოდებ ორივე მხარეს, ყველა მხარეს, გვერდზე გადადონ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები და გააძლიერონ, შეინარჩუნონ საქართველოს დემოკრატია. ” – აღნიშნავს სენატორი შაჰინი.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მოლაპარაკებებისა და შეთანხმების აუცილებლობაზე ისაუბრა.

“ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების ვერმიღწევა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს”. – განაცხადა ჯორჯ კენტმა.