სოფელ ტანძიისა და დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა

სარემონტო სამუშაოების გამო შეჩერებული სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი დღეიდან ბოლნისის  მუნიციპალიტეტის 2 საბავშვო ბაღში განახლდა , 12–ვე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სრული დატვირთვით იმუშავებს. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფელ ტანძიის საბავშვო ბაღში ამჟამად 1 შერეული ასაკობრივი ჯგუფი ფუნქციონირებს, სადაც 23 აღსაზრდელია რეგისტრირებული.

მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  გარემონტდა სამზარეულო, პროდუქტის შესანახი საწყობები, ექთნის ოთახი, შესასვლელი და სააღმზრდელო ჯგუფი.

სარემონტო სამუშოები ჩაუტარდა დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღსაც, გამაგრდა შენობის საძირკველი, გარემონტდა 1 სააღმზრდელო ჯგუფი, სამრეცხაო, სამზარეულო, პროდუქტის შესანახი საწყობები, რომელიც აღიჭურვა უჟანგავი თაროებით.

სოფელ ტანძიის საბავშვო ბაღს, დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი  ესტუმრა და აღსაზრდელებსა და პედაგოგებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა.

,,დღეიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა, რომელიც კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.
ამ ბაღებში მთელი რიგი სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღს გასულ წელს შენობის საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა, გარემონტდა 1 სააღმზრდელო ჯგუფი, წელს კი სამრეცხაოს და სამზარეულო რეაბილიტაცია განხორციელდა.
რაც შეეხება ტანძიის ბაღს, სრულად რეაბილიტირდა ერთი სააღმზრდელო ჯგუფი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი ავეჯით აღიჭურვა.
ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს და რა თქმა უნდა აღსაზრდელებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა ჩვენი ვალდებულებაა”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა