ტიკარაძე: „ასტრაზენეკას“ ვაქცინას 13 მარტიდან მივიღებთ

საქართველო შაბათიდან კორონავირუსის ვაქცინებს ეტაპობრივად მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ტიკარაძის განმარტებით, ქვეყანა პირველ ეტაპზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზას მიიღებს.

„დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით. თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით. ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან საქართველოში გვექნება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება.“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, როგორც ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მოლაპარაკება მიმდინარეობს გერმანიის მთავრობასთანაც, თუმცა მათგან ვაქცინის მიღება მხოლოდ წლის მესამე კვარტალში იქნება შესაძლებელი.

„სხვადასხვა მომწოდებელთან გვაქვს მოლაპარაკებები. ეს არის როგორც „ასტრაზენეკას“ სხვადასხვა მწარმოებელი – ინდოეთი, კორეა, ასევე მოლაპარაკებები გვაქვს „მოდერნასთან“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონთან“. „კოვაქს პლატფორმასთან“ შემდეგ დოზებზეც უკვე მიმდინარეობს დადგენა, როდის იქნება მოწოდებული. ასევე გვაქვს მოლაპარაკებები პარტნიორ ქვეყნებთან. ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელის სახელმწიფოსთან. ისრაელთან ორი მიმართულებით გვაქვს მოლაპარაკება – ერთ არის „ფაიზერის“ ვაქცინა და მეორე არის „მოდერნას“ ვაქცინა, რომლის დამატებითი დოზების შეძენა და დონაცია შეიძლება მოხდეს ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან. ასევე ინტენსიურადაა ჩართული გერმანიის მთავრობა, რომელთანაც გვაქვს მოლაპარაკებები მათ მიერ წარმოებულ ვაქცინებთან დაკავშირებით, თუმცა ამ მიმართულებით ვიცით, რომ მოწოდება შეიძლება მოხდეს მხოლოდ მესამე კვარტალში და არა უფრო ადრე. პარალელურ რეჟიმში საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ყველა პარტნიორ ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებითი დოზების შეძენასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ტიკარაძემ.