ტიკარაძე შეზღუდვების გამკაცრებას არ გამორიცხავს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შეზღუდვების გამკაცრებასთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყებები მსჯელობენ. მისივე თქმით,  რამდენიმე რეგიონში, მათ შორის იმერეთში, გურიასა და თბილისში ეპიდემიოლოგიური ვითარება მძიმდება.

“შეზღუდვებთან დაკავშირებით უკვე არსებობს გარკვეული მსჯელობა, ვინაიდან ჩვენ გვაქვს საქართველოში რამდენიმე რეგიონი, რომელიც, როგორც შუქნიშანზე ვაკვირდებით, წითლის მიმართულებით აქტიურად მიდის. ეს არის — იმერეთი, გურია და თბილისი, სადაც ყველაზე მეტი არის მობილობა. კოეფიციენტი დადებითობის ამ ეტაპისთვის გვაქვს 2.2 და ასევე, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტიც უკვე 1-ს აღემატება, რაც მეტ სიფრთხილეს მოითხოვს”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ტიკარაძე შეზღუდვების გამკაცრებას, ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა, რომ არ გამორიცხავს.

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, საქართველოში პანდემია დაძლეულად ჩითვლება იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის 60% აიცრება, რასაც მინისტრის თქმით, 2022 წლის გაზაფხულისთვის ვარაუდობენ.