ირაკლი ღარიბაშვილმა ღონისძიებაზე — “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” — სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობა “ბიზნესზე ორიენტირებული” იქნება.
“ჩემი მთავარი პოლიტიკა იქნება შემდეგი: მაქსიმალურად ღიად ვითანამშრომლებთ ბიზნესთან, ჩვენ ვიქნებით ბიზნესზე ორიენტირებული მთავრობა და ვართ კიდევაც და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ. ჩემი ხედვაა, რომ ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ბიზსნესს, მინიმალური ბიუროკრატია, როგორც ცენტრალური მთავრობის, ისე რეგიონალურ დონეზე, სწრაფი გადაწყვეტილებები და ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო, ბიზნესი და მოქალაქე უნდა გაერთიანდეს.
“დღეს არის გაერთიანების დრო, რათა ჩვენი ქვეყანა მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიყვანოთ, რომელიც წლების განმავლობაშია დაგროვებული”, — განაცხადა პრემირ-მინისტრმა.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფომ კერძო ბიზნესს დაახლოებით 400 მილიონი ლარის ღირებულების 100 საინვესტიციო შეთავაზება წარუდგინა.