შეთანხმება ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობის მზადყოფნისთვის

მსოფლიო ლიდერები ინიციატივით გამოდიან ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობებისთვის მზადყოფნის შესახებ შეთანხმება შემუშავდეს – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ერთობლივ ონლაინ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

შეთანხმებამ ვაქცინებზე, მედიკამენტებზე და დიაგნოსტიკაზე უნივერსალური, თანაბარი წვდომა უნდა უზრუნველყოს.

“პანდემიის გამოცხადებიდან დღემდე ვხედავთ თავდაუზოგავ მუშაობას სამედიცინო პერსონალის მხრიდან. პანდემიამ გამოიწვია ერთგვარი უთანასწორობის პრობლემა, ასევე საჯარო ინსტიტუტებისადმი უნდობლობა.

პრობლემებმა ასევე მოგვცა საშუალება გაგვეერთიანებინა ძალები პანდემიის დასაძლევად. პანდემიის შედეგები ეკონომიკასა და სხვადასხვა სექტორზე მნიშვნელოვანია. უნდა ვიმოქმედოთ აქტიურად. ჯერ კიდევ მოწყვლადი ვართ იმისთვის, რომ ერთიანი ვიყოთ პანდემიასთან ბრძოლაში. ეს შეთანხმება სწორედ ამაში დაგვეხმარება, რომ მოვახდინოთ ძალების კონსოლიდირება, ვუზრუნველყოთ ვაქცინებზე, მედიკამენტებზე, დიაგნოსტიკაზე უნივერსალური და თანაბარი წვდომა,” – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეისესუსმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ვერცერთი ქვეყანა და კონტინენტი ვირუსის დამოუკიდებლად დამარცხებას ვერ შეძლებს.