მასშტაბური იმუნიზაცია გრძელდება – რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს კოვიდვაქცინაცია

ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც კოვიდვაქცინაცია მიმდინარეობს 118-მდე გაიზარდა.  ბლუმბერგის სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში ამ დროისთვის 320 მილიონი ვაქცინის დოზაა გამოყენებული.

იმუნიზაციის პროცესი ყველაზე სწრაფი ტემპით შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს, მას ჩინეთი და ევროკავშირის ქვეყნები მოჰყვებიან.

ვაქცინაციის სწრაფად დასრულების მიზნით ქვეყნებმა, სხვადასხვა კომპანიის მიერ შექმნილი კორონავირუსის  საწინააღმდეგო პრეპარატის შეძენა დაიწყო.

უკრაინამ ჩინური კომპანია “სინოვაკ”-ის მიერ წარმოებული ვაქცინა დაამტკიცა. იტალიაში, მიმდინარე წლის ივლისიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა “სპუტნიკ V”-ის წარმოება დაიწყება . უცხოური მედიის ინფორმაციით, ეს ნიშნავს, რომ იტალია გახდება ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელიც რუსულ ვაქცინას დაამზადებს.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 119 მილიონი Covid-19​-ის​ შემთხვევა ფიქსირდება. დაიღუპა 2 მილიონ 620 ათასი პაციენტი.