ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შევხვდეთ. დადგა დრო, ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდეთ, პოლიტიკური დიალოგის დროა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველა მხარეს მოუწოდებს, მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდეს ძალები პოლიტიკური დიალოგისთვის.
„მე ძალიან მაწუხებს ის გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოში არსებობს. საქართველომ წლების განმავლობაში მოიპოვა დემოკრატია და მიღწევები. პოლარიზაცია და კრიზისი თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, თქვენი კოლეგების ძალისხმევით და ოპოზიციის ლიდერების ძალისხმევითაც უნდა გამოსწორდეს, უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ლიდერული თვისებები, ასევე გაუსწოროს თვალი გამოწვევებს და საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს. ყველა მხარეს მოვუწოდებ, მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდეს ძალები, რათა შედგეს პოლიტიკური დიალოგი. მე ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შევხვდეთ. დადგა იმის დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე. პოლიტიკური დიალოგის დროა“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა და განაცხადა,რომ მისი ვიზიტი მნიშვნელოვანი დადასტურებაა , რომ საქართველოს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.
” მინდა აღვნიშნო, რომ გლობალური პანდემიის პირობებში, ეს ვიზიტი ცხადყოფს ევროკავშირის მზაობას, გააგრძელოს საქართველოს მხარადაჭერა იმ კომპლექსური რეფორმების გზაზე, რომელმაც საბოლოო ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე უნდა მიგვიყვანოს. ბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საქართველოსა და ქართველი ხალხის მისწრაფება ევროპული ღირებულებებისადმი. მინდა აღვნიშნო, რომ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი. შევეხეთ არაერთ საკითხს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს. ასევე აღინიშნა,რომ ევროპული ოჯახის წევრობა არ არის მხოლოდ პოლიტიკური ხედვის ნაწილი, არამედ ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და ჩვენ ამ ღირებულებების ერთგულნი ვართ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
შეხვედრისას ასევე განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი. ყურადღება დაეთმო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. ბატონ პრეზიდენტს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლედ დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება და ერთობლივი ძალისხმევით ვებრძოლოთ გამოწვევებს და ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე“, – განაცახდა ღარიბაშვილმა.