წულუკიანი: ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა

ამერიკულმა მხარემ ქართულ ოპოზიციას და ქართულ საზოგადოებას ცალსახად უთხრა, რომ „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან დღემდე არის მკაფიოდ პროდასავლურ კურსზე და მისთვის არასდროს გადაუხვევია,- ამის შესახებ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკულმა მხარემ ქართულ ოპოზიციას უთხრა, რომ „ქართული ოცნება“ მკაფიოდ პროდასავლურ კურსზეა.

„ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ქართულ ოპოზიციას მკაფიო გზავნილები გამოუგზავნა და რა თქმა უნდა, გარკვეული რჩევები მოგვცა ჩვენც. მკაფიო გზავნილები ქართული ოპოზიციისადმი იყო შემდეგი. ამერიკულმა მხარემ ქართულ ოპოზიციას და ჩვენს საზოგადოებას უთხრა ცალსახად, რომ „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან დღემდე არის მკაფიოდ პროდასავლურ კურსზე და მისთვის არასდროს გადაუხვევია“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი განცხადებით, ოპოზიციის პარლამენტში არშესვლა პირდაპირ ასხამს რუსულ წისქვილზე წყალს.

„როგორც ამერიკელებმა ოპოზიციას უთხრეს, მათი პარლამენტში არშესვლა პირდაპირ ასხამს რუსულ წისქვილზე წყალს. მინდა ქართულ ოპოზიციას, განსაკუთრებით ზოგიერთ მათგანს შევახსენო, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებულ ქვეყანაში, ამიტომ გვევალება, რომ ვიზრუნეთ სწორედ ჩვენს ქვეყანაზე და არ ვიყო უნებლიეთ რუსული ინტერესების გამტარებელი“, – განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება ნიკა მელიას საქმეს, ამასთან დაკავშირებით წულუკიანმა აღნიშნა, ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა თქვა, რომ ნიკა მელია ციხეში კანონის დარღვევის გამო ზის.

„ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა თქვა, რომ ბატონი ნიკა მელია, ვინაიდან დაარღვია კანონი, ზის ციხეში. იმედი მაქვს, ქართული ოპოზიციური სპექტრი ამ გზავნილებს სწორად, კარგად გაიგებს და ჩვენ ძალიან მალე შეგვეძლება, ვიმუშაოთ ერთად პარლამენტში და როგორც მინისტრს მქონდეს შესაძლებლობა, რომ უკვე ოპოზიციონერი პარლამენტარების მოსაზრებები, თუნდაც კრიტიკა მოვისმინო და შევძლო ვუპასუხო კითხვებს“, – განაცხადა წულუკიანმა.