ხვიჩია: „ქართულ ოცნებასთან“ ვსაუბრობთ, საზოგადოება თანდათან უფრო მეტს გაიგებს

მიზანი იყო, გაგვერკვია, მართლა რა იდო მოლაპარაკების მაგიდასთან, რაზე იყო თანახმა „ქართული ოცნება“ და რაზე არ წავიდა ოპოზიცია, –  განაცხადა „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა „ქართულ ოცნებასთან“ მათი პარტიის დიალოგთან დაკავშირებით.

„ჩვენ ველაპარაკებით „ქართული ოცნების“ წევრებს, ახლაც, მიმდინარე რეჟიმშიც. მიზანი ჩვენი პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხის გადაწყვეტა არ იყო. მიზანი იყო, გაგვერკვია, მართლა რა იდო მოლაპარაკების მაგიდასთან, რაზე იყო თანახმა „ქართული ოცნება“ და რაზე არ წავიდა ოპოზიცია. ამას რომ გავარკვევთ, ამის შესახებ ჯერ საჯაროდ უნდა ვილაპარაკოთ, ეს პირისპირობა იყო თუ არასამართლიანი, რადგანაც, იცით, „ქართული ოცნება“ ამბობს, ჩვენთვის სამართლიანი პირობებია მისაღებიო. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, არის თუ არა რაღაც სამართლიანი. ამიტომ ჯერ ამის გარკვევის პროცესში ვართ, ვსაუბრობთ და საზოგადოება თანდათან გაიგებს უფრო მეტს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, შეკითხვაზე, მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შევლენ თუ არა პარლამენტში, ხვიჩია ამბობს:

„კი, რასაკვირველია, ეს რომ დაკმაყოფილებულიყო, ხომ აქამდეც შესული იქნებოდა „გირჩიც“ და სხვა ოპოზიციაც. მაგრამ „ქართული ოცნება“ ხომ არ არის ისეთი პარტია, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მაშინ ხომ ვიტყოდით, რომ მეორე მხარე არის დამნაშავე მთელ ამ პროცესში მხოლოდ და ჩვენ ხომ მაგას ვერ ვამბობთ, რადგან საწინააღმდეგო მტკიცებულებებიც გვაქვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.