პარლამენტში “მინისტრის საათის ფარგლებში” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმინეს.
დავითაშვილმა დეპუტატებს 2021 წლის მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
მინისტრმა სხვადასხვა საკითხს შორის ისაუბრა გარემოსდაცვით კანონპროექტზეც, რომელმაც რუსთავში ეკოლოგიური პრობლემები უნდა გადაწყვიტოს.
„ამ შემთხვევაში, მთავარი პრინციპი არის ის, რომ თუკი საწარმო დააბინძურებს და მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ბუნებას, საწარმოს უჩნდება ვალდებულება, რომ თვითონვე გამოასწოროს და დამაბინძურებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის თვითონ იღებს ხარჯებს, ანუ ის არის უშუალო პასუხისმგებელი. “-განაცხადა მინისტრმა.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა პარლამენტისა და გარემოს დაცვის კომიტეტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი. დალაქიშვილი დაინტერესდა, რამდენად მზარდია უკანონო თევზჭერისა და ბრაკონიერობის დინამიკა ქვეყანაში. კომიტეტის წევრმა ისაუბრა დაავადებული ხეების პრობლემაზეც.
“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის კუთხით მნიშვნელოვანია, მკაცრი კონტროლი განხორციელდეს ისეთ სამართალდარღვევებზე, როგორიც არის უკანონო თევზჭერა, ბრაკონიერობა და ამ სფეროში არსებული სამართალდარღვევები. გვაინტერესებს, როგორია დინამიკა ამ კუთხით, მზარდია ეს დანაშაულები თუ კლებადი და ასევე, მაინტერესებს რამე ღონისძიებები ხომ არ ხორციელდება, დაცულ ტერიტორიებში ან ადამიანური რესურსების უფრო გაძლიერების კუთხით, ან მატერიალური ბაზის განახლების კუთხით. ვიცით, რომ იქ პირობები რეინჯერებს მცირედი აქვთ და წონადი არ არის იმასთან, რამხელა სიმდიდრესაც იცავენ.”-განაცხადა დალაქიშვილმა.