სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ახალციხის კლინიკა “იმედი” სტანდარტებით არსებულ მოთხოვნებს შეესაბამებოდა და პაციენტის დამძიმების დროს პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მოქმედება განხორციელდა.
სააგენტოს დირექტორის, ზაალ კაპანაძის განცხადებით, 27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმეზე მოკვლევა ორი მიმართულებით მიმდინარეობს. კერძოდ, მისი თქმით, იკვლევენ, რამდენად ჰქონდა კლინიკას ვაქცინაციის ჩასატარებლად შესაბამისი ტექნიკური და ინფრასტრუქტურული აღჭურვილობა, ასევე რამდენად დროული იყო დახმარება.
„ჩვენ ვიკვლევთ ორი მიმართულებით – რამდენად იყო კლინიკაში ინფრასტრუქტურული და ტექნიკური აღჭურვილობა, რომ ვაქცინაცია ჩატარებულიყო, მეორე ნაწილია, გვერდითი მოვლენისას რამდენად დროული იყო მათი ქმედებები. ჩვენ ამ ორივე მიმართულებით შესწავლას ვაგრძელებთ“, – აღნიშნა ზაალ კაპანაძემ.
კაპანაძის განმარტებით, უკვე გამოიკითხა მედპერსონალი.
„პარალელურად მიმდინარეობს ექსპერტიზის მომზადება, ასევე პოლიცია აწარმოებს გამოძიებას და ჩვენ მათთან კოორდინაციაში ვართ. ექსპერტიზის დასკვნა რომ გვეცოდინება, ჩვენც აქედან გამომდინარე დავდებთ დასკვნას.“, – განაცხადა ზაალ კაპანაძემ.