ჯანდაცვის მინისტრის, ეკატარინე ტიკარაძის განცხადებით, 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის, ვაქცინაციასთან დაკავშირებული რეგისტრაციის გავლის მიზნით, შესაბამისი პორტალი ხელმისაწვდომი 25 მარტიდან იქნება.
როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ამ პერიოდში მათ შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომლითაც ისინი პორტალზე დარეგისტრირებას შეძლებენ.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის პორტალი ხელმისაწვდომი იქნება 25 მარტიდან. წინა პერიოდში კი მათ შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომლითაც ისინი მოახერხებენ პორტალზე დარეგისტრირებას. სამედიცინო პერსონალის კომპონენტში კი ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება. უბრალოდ, 25 მარტის შემდეგ, ჩვენი ექიმები ვერ გამოიყენებენ იმ განსაკუთრებული რიგის მართვის კომპონენტს, რომელზე ხელმისაწვდომობაც მათ ამ პერიოდშიც ჰქონდათ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმღებ გაფართოებულ ასაკობრივ ჯგუფში მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და პერსონალიც შედის.
„თქვენ იცით, რომ 3000 ადამიანის ვაქცინაცია არის დღიური სამიზნე. იმ ჯგუფებში, რომელიც გაფართოვდა, 75 წელს ზემოთ შედიან მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და პერსონალი. რა თქმა უნდა, ისინიც შეუერთდებიან ვაქცინაციის პროცესს. რაც შეეხება ვაქცინაცინის შენახვის ვადებს, აქ ვადები დაცულია და რეალურად არანაირი რისკი ამ მიმართულებით არ გაგვაჩნია“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა მოქალაქეებს შეუძლიათ ბმულზე.