8 მარტს რუსთავში 1000 მშობლის მარში გაიმართება

8 მარტს, საღამოს 5 საათზე, რუსთავსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო მსვლელობა „1000 მშობლის მარში“ მოეწყობა. აქცია იმ 100-დღიანი კამპანიის ნაწილია, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოებისა და ქალების მიმართ.

აქციის მონაწილეები რუსთავში, თეატრის წინ, ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერში შეიკრიბებიან.

აქციის ძირითადი მოთხოვნებია: შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი; შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობას და მისგან თავის დაცვას და გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობა.

1000 მშობლის აქცია პარალელურად ქვეყნის 10 ქალაქში (თბილისში, გორში, ზუგდიდში, თელავში, მარნეულში, ქობულეთში, ქუთაისში, ახალციხეში, ხარაგაულსა და ბათუმში) გაიმართება.