დავითაშვილი: დარწმუნებული ვარ, „ნამახვანჰესის“ პროექტი წარმატებით განხორციელდება

მეტია გასაკეთებელი მოსახლეობის ფართო ფენებთან შეხვედრების კუთხით, რისთვისაც მზად ვართ, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა,ლევან დავითაშვილმა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის თქმით, სახელმწიფოს ჰესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კონკრეტული კვლევების გარეშე არ მიუღია და არგუმენტები ემყარება იმ კვლევებს, აგრეთვე ექსპერტულ შეფასებებს, რომლებიც გარემოსდაცვითი შეფასების პროცესშია განხილული.

„გარემოს შეფასების კოდექსი ითვალისწინებს მოსახლეობის ჩართულობას. ჩვენ ამ პროცესში, რა თქმა უნდა, გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან,  მათ შორის განხილული იყო წარმოდგენილი კვლევები, მაგრამ, როგორც ჩანს, არ არის საკმარისი ეს კომუნიკაცია და კიდევ მეტია გასაკეთებელი მოსახლეობის ფართო ფენებთან შეხვედრების კუთხით, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ.

ჩვენი არგუმენტები ემყარება იმ კვლევებს და ექსპერტულ შეფასებებს, რომლებიც არის განხილული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში და ჩვენი გადაწყვეტილების ნაწილი. ჩვენ გადაწყვეტილება არ მიგვიღია კონკრეტული კვლევების გარეშე, ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელშიც პირობით განსაზღვრულია, რომ კომპანიამ რაღაც სამუშაოები უნდა ჩაატაროს მხოლოდ კვლევების ჩატარების შემდეგ.” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე განმარტებით, ნებისმიერი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ვებ-გვერდზე ქვეყნდება.

„ძალიან გულისტკივილით მინდა ვთქვა, როდესაც იყო საუბარი ამ კონკრეტულ მიმართულებებზე, საკითხებზე, როგორიც არის იგივე კლიმატის ზემოქმედება, გეოლოგიური საფრთხეები და ა.შ. ერთი მხრივ ამბობდნენ, რომ არ იყო საჯარო და გამჭირვალე პროცესი, არ გვაქვს ინფორმაციაზე წვდომაო, ეს წარმოუდგენელია. ნებისმიერი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ქვეყნდება ვებგვერდზე, სხვანაირად პროცესი უბრალოდ არ იმართება, ეს ავტომატურად ასეა. სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ვითომ ექსპერტებმა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ოპონორებენ, ყველაზე კარგად იციან ეს პროცედურები, შეიძლება, რიგითმა მოქალაქემ არ იცოდეს, მაგრამ ისინი დაინტერესებული არიან და არაერთი გადაწყვეტილების ნაწილში ან გვიჩივიან, ჩვენთან დავაში არიან, ან ოპონირების რეჟიმში იმყოფებიან. ეჭვიც მაქვს, რომ გარკვეული დღის წესრიგიც გააჩნიათ. სამწუხაროდ, ისინი ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობენ, ცდილობენ, მოსახლეობის  გრძნობები გამოიყენონ. ესეც უპასუხისმგბელობაა.“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კონკრეტული ჯგუფების შესაძლო ინტერესებზეც.

„სამწუხაროდ, კონკრეტული ჯგუფებზე ეჭვს გამოვთქვამ, რომ შეიძლება, კონკრეტულ ინტერესს ატარებდნენ. ყოველთვის როგორ არიან განახლებადი ენერგიის პროექტების მოწინააღმდეგეები და არასოდეს არ არიან იგივე ტრადიციული, არაგანახლებადი, ძველი ენერგოგენერაციის პროექტების მოწინააღმდეგე. ამას ეჭვის დონეზე ვამბობ. სამწუხაროდ, ამ ჯგუფების გავლენა მოსახლეობაზე არის ძალიან ნეგატიური, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხელში გვაქვს ყველაფერი, რომ მოსახლეობას მივუტანოთ ობიექტური ინფორმაცია, დარმწუნებული ვარ, პროექტი წარმატებით განხორციელდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შესაბამისი არგუმენტირებული პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, რომელიც მოსახლეობის მხრიდან არსებობს.

პრემიერმა  ნათია თურნავას და  ლევან დავითაშვილს სთხოვა, პირადად ჩავიდნენ ადგილზე და დაიწყონ უშუალო აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან.