“ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები რუსთავში აქციას მართავენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და  მხარდამჭერები პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად რუსთავში აქციას მართავენ.

ისინი თავდაპირველად „რესპუბლიკის მოედანზე” შეიკრიბნენ და მსვლელობით რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან გადაინაცვლეს, სადაც ნიკა მელიაა დაკავებული.

მსვლელობის მონაწილეების განმარტებით, ამ ფორმით ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებენ და კიდევ ერთხელ ახსენებენ ხელისუფლებას, რომ ის „უკანონო პატიმარია”.

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დღევანდელი მსვლელობის მთავარი გზავნილი არის ის, რომ „პოლიტიკური პატიმრები” უნდა გათავისუფლდნენ ციხიდან.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ეს არის იმისათვის, რომ დიალოგი დაიწყოს და ჩვენ გადავიდეთ მოლაპარაკების რეჟიმში. შესაბამისად, ეს არის ის წინაპირობა, რომელიც მთლიანად ოპოზიციას აქვს დაყენებული, იმიტომ, რომ არ შეიძლება მოლაპარაკებები ვაწარმოოთ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაზე, როდესაც პოლიტპატიმრები ციხეში იმყოფებიან, მათ შორის, არის მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე. ბუნებრივია, ნიკა მელია არის ის პიროვნება, რომელიც უშუალოდ უნდა წარმოადგენდეს ოპოზიციას თავად ოპოზიციის მაგიდასთან”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.