კულუმბეგოვი: ვაქცინაციის გარეშე, ქვეყანა უბრალოდ ვერ გააგრძელებს არსებობას

ვაქცინაციის გარეშე, ქვეყანა უბრალოდ ვერ გააგრძელებს არსებობასა და ცხოვრებას. ჩანს, რომ ეს ინფექცია, ჯერჯერობით, უკან დახევას არ აპირებს, ის აგრძელებს ამ ტალღებს მსოფლიოში და საქართველოშიც იქნება შემდგომი ტალღა, მაგრამ როდის – ეს რთული სათქმელია, – აცხადებს იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

მისივე განცხადებით, ადამიანმა თავად უნდა მიიღოს აცრის შეგნებული გადაწყვეტილება.

„ჩვენ მათ ამ გადაწყვეტილების მიღებაში უნდა დავეხმაროთ. ყოველდღიურად, კორონავირუსით, საშუალოდ, 10 ადმიანს ვკარგავთ, ანუ თვეში სამას ადამიანს, ჯამურად კი 3 700-მდე ადამიანი დავკარგეთ. ამიტომ, ყველას ვთხოვ, თუ რაიმე პრობლემა აქვთ სამედიცინო თვალსაზრისით, გაიარონ კონსულტაცია საკუთარ ექიმთან, თუ ალერგიულები არიან და შეაფასონ ალერგოლოგთან რისკი. პრიორიტეტულ ჯგუფებში, ვაქცინაციის პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ერთი რამ უნდა გვესმოდეს: ზოგადად, არ არსებობს მედიკამენტი, რომელსაც ალერგიული რეაქცია არ ახლავს, მით უმეტეს – საინექციო პრეპარატი“ – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.