წულუკიანი: ძალიან გამიკვირდა გახარიას წასვლა, კიდევ უფრო გამიკვირდა მისი მოსვლა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დღევანდელი განცხადება მისთვის გასაკვირი იყო.

წულუკიანის თქმით, გახარიას პოლიტიკაში შემობრუნების გადაწყვეტილება, მას კითხვის ნიშნებს უჩენს.

„ბევრი ამბობდა, მათ შორის მედიასივრცეში სულ იმაზე იყო საუბარი, რომ ის დაბრუნდება, ის ჩაუდგება „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში და ა.შ. რაკი ჩემს აზრს მეკითხებით, გეტყვით, რომ იმედი მქონდა, ის ამას არ გააკეთებდა, რადგან ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, მე მისი ვიცე-პრემიერი ვიყავი. ძალიან გამიკვირდა მისი წასვლა, ახლა კიდევ უფრო გამიკვირდა მისი მოსვლა. არ მინდა, იქამდე მივიდე, ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა რა იყო-მეთქი, მაგრამ გამიკვირდა, ამას ვიტყვი. მე მგონია, რომ ჯობდა, არ წასულიყო, რაკი ეს მოხდა, ეს შემობრუნებაც ჩემთვის კითხვის ნიშნებს ბადებს.

თუ შემობრუნდა, და როგორ ჩანს, ეს მას გადაწყვეტილი აქვს, რა თქმა უნა, ის იქნება ჩვენი ოპოზიცია, შესაბამისად, ჩვენ მოგვიწევს ოპონირება. ერთი მხრივ, საინტერესო იქნება, ვერ ვიტყვი, რომ ეს „ქართული ოცნებისთვის“ საზიანო იქნება. ჩვენთვის საზიანო მისი წასვლა იყო, მისი მოსვლა ჩვენთვის საზიანო არ მგონია. თუმცა, გუნდში, ყველა, ვინც ვნახე მე დღეს პარლამენტში გადაბარების პროცესში, გაკვირვებული იყო მაინც მისი ამ განცხადებით, მათ შორის მე“, – განაცხადა წულუკიანმა.