აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი საქართველოში დაბრუნდა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოშია. გატაცების შემდეგ, მას ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა პირველად მიეცა. როგორც ჟურნალისტმა Facebook-ზე დაწერა, ის უკვე თბილისში იმყოფება, მანამდე კი სტამბულში იყო.

აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 2017 წლის მაისში გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს. აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა. მას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა სამი წლის შემდეგ გაათავისუფლეს და გერმანიაში ოჯახთან წასვლის უფლება მისცეს.