გაბუნია: ეპიდსიტუაცია რჩება საყურადღებო, იზრდება დატვირთვა კლინიკებზე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს ქვეყენაში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევათა შედარებით ნაკლები რაოდენობა შაბათ-კვირას ტესტების სიმცირეს უკავშირდება.

მისივე თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება კვლავაც საყურდღებოა.

„გასული დღეების განმავლობაში შემთხვევათა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა, დღეს 500-ზე ოდნავ მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც შაბათ-კვირას შედარებით ნაკლები ტესტირების შედეგია. რა თქმა უნდა, ეპიდსიტუცია რჩება საყურადღებო. იზრდება დატვირთვა კლინიკებზე. ჩვენ ამ დღეებში ვფიქრობთ საწოლების დამატებით მობილიზებას. ასევე, პირველადი ჯანდაცვის ქსელი სრულად არის ჩართული პროცესში ონლაინკლინიკების სახით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება „სინოფარმის“ ვაქცინას, როგორც გაბუნია განმარტავს, ვაქცინის დასანერგად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

„მიმდინარე პერიოდში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს „სინოფარმის“ ავტორიზაციის საკითხს გადაუდებელი გამოყენებისთვის. ვფიქრობთ, აპრილის ბოლოსთვის ეს პროცესი დასრულდება და საქართველოც დაიწყებს „სინოფარმის“ გამოყენებას აქტიურად“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.