საპროტესტო აქცია გარდაბანში – “პლანტას” სათბურში დასაქმებულები გაიფიცნენ

საპროტესტო აქცია გარდაბანში – “პლანტას” სათბურში დასაქმებულები გაიფიცნენ. როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები TV4-თან აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნა სახელფასო ანაზღაურების გაზრდაა. კერძოდ “პლანტაში” დასაქმებული 150-მდე ადამიანი ითხოვს, კომპანიამ მათ საათობრივად,  ნაცვლად 3.50-ისა, 4 ლარი გადაუხადოს. 

ამასთან, აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მოთხოვნაა, სადღესასწაულო დღეებში მუშაობის შემთხვევაში კომპანიისგან ორმაგი ანაზაღაურება მიიღონ. მათივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტს არ შეწყვეტენ და მუშაობას არ გააგრძელებენ. 

“პლანტაში” აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სათბურში დასაქმებულების მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდება. როგორც “პლანტას” დირექტორმა, შოთა ჯაფარიძემ TV4-ს განუცხადა, პანდემიის გამო სათბური ზარალშია და კორონავირუსმა ბიზნესზე უარყოფითი გავლენა იქონია. მისივე ცნობით, “პლანტაში” ჯამში 250-მდე ადამიანია დასაქმებული. ნაწილი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.