დგებუაძე: დავიცვათ წესები, რათა სასწავლო პროცესი კლასებში შევინარჩუნოთ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე აცხადებს, რომ სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გასაგრძელებლად, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა დაიცვან უსაფრთხოების დადგენილი წესები.

„განათლების სამინისტრო საჯარო სკოლების მონიტორინგს აგრძელებს. მოგეხსნებათ, სკოლები იცავენ ყველა იმ რეგულაციას, რომელიც დადგენილია. გვინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს და მივმართოთ თხოვნით, რომ დაიცვან ყველა ის წესი, რომელიც დადგენილია იმისთვის, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი სკოლაში გააგრძელონ, არ მოხდეს შიდა გავრცელება და სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში შევინარჩუნოთ“ – აღნიშნავს ეკატერინე დგებუაძე.

სამინისტროს ცნობით, მიმდინარე კვირაში, სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია. კერძოდ, 10-დან 16 აპრილის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,1 %-ს დაუდასტურდა.