მაშველებმა თრუსოს ხეობაში მამაკაცი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაშველებმა თრუსოს ხეობაში მამაკაცი გადაარჩინეს.

უწყების ცნობით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თრუსოს ხეობაში მამაკაცს ფეხით გადაადგილებისას შეექმნა პრობლემა და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. მოქალაქემ ძლიერი ქარბუქის გამო, ვერ მოახერხა გზის გაგრძელება და გაჩერდა მდინარე თერგის ნაპირზე.

“შეტყობინების მიღებისთანავე, მამაკაცის დასახმარებლად გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. რთული რელიეფის და უამინდობის გამო, მოქალაქის ადგილსამყოფელისკენ გაემართა მაშველთა ქვეითი ჯგუფი.

ოპერატიული რეაგირების შედეგად, მოხერხდა მამაკაცის დროულად პოვნა და სამაშველო მანქანამდე უვნებლად ჩამოყვანა. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობას იღებდნენ სტეფანწმინდის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველები,”- ნათქვამია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.