მინაშვილი მიშელის დოკუმენტზე: ენმ დოკუმენტის ამ ვერსიას ხელს არ აწერს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

მინაშვილის თქმით, დოკუმენტში არის საკითხები, რომლებიც მათთვის ბუნდოვანია.

“ამ ვერსიით, რაც არის წარმოდგენილი, ნაციონალური მოძრაობა ამ დოკუმენტს ხელს არ აწერს. პირველ რიგში, ბუნდოვანია პოლიტიკური პატიმრების გამოშვების თემა. აქ არის საუბარი გირაოზე და თქვენ იცით ჩვენი პოზიცია გირაოზე. ასევე, არის საუბარი ამნისტიაზე და იმ ჩანაწერით, რაც არის შეთანხმებაში, არის ძალიან ფართო ამნისტია და მოიცავს იმ ადამიანებს და იმ საჯარო მოხელეებს, ვინც ძალადობით ზიანი მიაყენა მათ, ვინც გამოხატავდა თავის პროტესტს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ”, – ამბობს მინაშვილი.

მისივე თქმით, დოკუმენტის მიხედვით, გაურკვეველია, როდის ხდება საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება.

“სუსტი წერტილებია ის, რომ ცესკოს თავმჯდომარე უნდა დარჩეს კიდევ ორი წელი. გაურკვეველია როდის ხდება საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. გენერალური პროკურორი ისევ უნდა დარჩეს, ახალ მოსამართლეებზე საუბარი საერთოდ არ არის”, – ამბობს მინაშვილი.