„გირჩმა“ მედიატორების მიერ შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა

„გირჩმა“ მედიატორების მიერ შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

„გირჩის“ წევრებმა სანდრო რაქვიაშვილმა, იაგო ხვიჩიამ და ვახტანგ მეგრელიშვილმა ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციით პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი ფეისბუქლაივის დროს მოაწერეს.

„ჩემი აზრით, ხელი მოსაწერია. გუშინ განცხადებაში იყო ასეთი რამ, რაც, ჩემი აზრით, მხარდასაჭერია, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებაო, ანუ ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დაიყვანეს თავიანთი წინადადება. ვფიქრობ, იმ 60-მა კაცმა, თუ რამდენიცაა დარჩენილი, მართლა სათითაოდ უნდა გადაწყვიტოს, უნდა შეთანხმება და ამ ხალხის გვერდზე დგომა, თუ უნდა, დაიკიდოს ეს ხალხი და საერთოდ ყველაფერი. მოდით, ჩვენ მაგალითი მივცეთ იმის, რომ ეს შესაძლებელია და ამ დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ“, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ამასთან, „გირჩის“ წევრები დღეს პარლამენტში მისვლას აპირებენ.