ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე ძალადობაში მონაწილეობისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, ე.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა და ამჟამად პატიმრობაში მყოფმა მისმა 6-მა თანამზრახველმა 2021 წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ყოფნისას, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს, ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ე.ა.-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.