„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მოთხოვნების შესრულებაზე პასუხს ელოდებიან. მათი განცხადებით, მათი მოთხოვნების შესრულებაზე პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღიათ და ამისთვის გონივრული ვადა ამოიწურა.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, დღეს, 14:00 საათზე განცხადებას გააკეთებენ.
„ჩვენ ველოდებით პასუხს. ყველანაირი გონივრული ვადა ამოიწურა ფიქრისთვის. კიდევ ერთხელ დავუკავშირდებით ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამის შემდეგ, 14:00 საათზე გავაკეთებთ განცხადებას. როგორც ჩანს, ხელისუფლება აპირებს, კოვიდის ფაქტორიც ეფექტურად გამოიყენოს ამ პროტესტის ჩასახშობად და ჩვენ მას ამის საშუალებას არ მივცემთ”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
შეგახსენებთ, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქცია 178-ე დღეა, მიმდინარეობს.