“რუსთავის აზოტი” განცხადებას ავრცელებს

“რუსთავის აზოტი” განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“2021 წლის 28 აპრილს სს “რუსთავის აზოტის” ხელმძღვანელობა შეხვდა გაფიცული თანამშრომლების ნაწილს მათი მოთხოვნის შესაბამისად. შეხვედრის მიზანი იყო გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნების გაცნობა და კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში გამოსავლის მოძებნა. სამწუხაროდ, შეუძლებელი გახდა კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში შეხვედრის წარმართვა, რის გამოც შეხვედრა ჩაიშალა.

გაფიცულთა თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან არაერთგზის, მათ შორის შეხვედრაზეც გაჟღერებულ იქნა საწარმოს უწყვეტი სამუშაო პროცესის ხელის შეშლის მუქარა. სს “რუსთავის აზოტი” აცხადებს, რომ უწყვეტი სამუშაო პროცესისთვის ხელის შეშლა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დასჯად ქმედებას. საბოტაჟს  და ნებისმიერი პირის მხრიდან ასეთი ქმედების მცდელობის შემთხვევაში კომპანია გამოიყენებს მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებებს.

გაფიცულ თანამშრომელთა მხრიდან სათანადო მზაობის შემთხვევაში, კომპანია კვლავაც მზად არის, გააგრძელოს მათთან ერთად,კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში მუშაობა და შეხვედრები შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნის მიზნით.”