სამადაშვილი – კანონპროექტი უნდა შეეხოს მათ, ვის წინააღმდეგაც დაწყებულია სამართლებრივი დევნა

პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, რა ჩაიწერება ამნისტიის კანონში, ერთობლივი კანონპროექტი ჯერ არსებობს, თუმცა ოპოზიცია და ხელისუფლება თანხმდება, რომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაწყებულ საქმეებს ამნისტია არ უნდა შეეხოს.

“შეთანხმება არის, რომ ეს კანონპროექტი უნდა შეეხოს ადამიანებს, რომლის წინააღმდეგაც არის უკვე დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა და დადგენილი პირთა წრე. ეს არის 16 მანიფესტანტი და 3 პოლიციელი. ჩემთვის პირადად მნიშვნელოვანია, რომ შემოვიდეს დაზარალებულის თანხმობის პრინციპი,”-აცხადებს პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი.

როგორც სამადაშვილი აცხადებს, არჩილ თალაკვაძის წასვლა ან დარჩენა არაფერს ცვლის ვალდებულებების თვალსაზრისით შეთანხმებასთან მიმართებით.

“ამ კანონპროექტის შემუშავების პროცესში გამოჩნდება, რეალურად “ქართულ ოცნებას” აქვს თუ არა სურვილი, რომ შეთანხმდეს შეთანხმება და მათი მხრიდან მცდელობას, რომ დაირღვეს შეთანხმება, ცხადია, ექნება უმძიმესი შედეგი. პასუხისმგებელი არის ხელმომწერი მხარე – “ქართული ოცნება” და ბატონი თალაკვაძის წასვლა ან დარჩენა არაფერს არ ცვლის ვალდებულებების თვალსაზრისით შეთანხმებასთან მიმართებით. პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათ შორის შეთანხმებაზე, ცხადია რჩება “ქართული ოცნების” ხელში მიუხედავად იმისა, თუ ვინ წარმოადგენდა მათ მოლაპარაკების პროცესში”, – განაცხადა სამადაშვილმა.