ჯაფარიძე: მიგვაჩნია, რომ დაზარალებულების თანხმობა ამნისტიაზე საჭიროა

პოლიტიკური პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციას მიაჩნია, რომ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიაზე დაზარალებულების თანხმობა საჭიროა. ჯაფარიძის მიხედვით, ამნისტია არ გავრცელდება დანაშაულის ჩამდენ ყველა პირზე, მათ შორის შესაძლო ბრძანების გამცემ თანამდებობის პირებზე.

“მიგვაჩნია, რომ დაზარალებულების თანხმობა ამნისტიასთან დაკავშირებით არის საჭირო, იმიტომ, რომ ასეთი პრაქტიკა არსებობს საქართველოში ამნისტიის კანონის მიღების თვალსაზრისით, როდესაც დაზარალებულების თანხმობა აუცილებელია იმ პირების საბოლოოდ ამნისტირებისთვის, რომლებსაც ეხებათ ამნისტიის კანონი”, – აცხადებს ჯაფარიძე.