საქართველოში დღეს ჩინური ვაქცინა შემოვა

საქართველოში დღეს ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“ შემოვა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს და ვაქცინის არჩევის საშუალება, ამ ეტაპზე, 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს და სამედიცინო პერსონალს შეეძლებათ.

„დღემდე „მოდერნასაც“ არ აქვს ავტორიზაცია, თუმცა ბევრი ქვეყანა იყენებს. გუშინ გამოქვეყნდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კალენდარი და აპრილის შუა რიცხვებია მითითებული „სინოფარმის“, „სინოვაკის“ და „მოდერნასთვის“. დღეს ბაზარზე, გლობალურად, ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა არის რთული, ამიტომ ნებისმიერი პოტენციური ვაქცინა, რომელიც დაგვეხმარება ვაქცინაციის პროგრამის შესრულებაში და გეგმის მიღწევაში, მნიშვნელოვანია. იმ დაშვებით, რომ „სინოფარმი“ აპრილის ბოლომდე მიიღებს ავტორიზაციას, ამიტომ შევიძინეთ. ვაგრძელებთ კომუნიკაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რომ ნებისმიერი რისკი, თუ რამე არსებობს და გამოიკვეთა „სინოფარმის“ მოხმარებასთან დაკავშირებით, ჩვენთვის მაშინვე გახდეს ცნობილი“, – განაცხადა გაბუნიამ.