ფსიქიატრიულმა დაწესებულებამ პერსონალური მონაცემები გაამჟღავნა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ფსიქიატრიული დაწესებულება პერსონალურ მონაცემთა უკანონოდ გამჟღავნების გამო დააჯარიმა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR ავრცელებს. ორგანიზაცია სასამართლოში ფსიქიატრიულში უკანონოდ მოთავსებული პირის უფლებებს იცავს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირის არანებაყოფლობითი მოთავსება უკანონოდ ცნო, რის საფუძველზეც ქალმა ფსიქიატრიული დაწესებულებისგან ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი “#5 კლინიკურმა საავადმყოფომ” განმცხადებლის სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები პირის თანხმობისა და სასამართლო განჩინების არარსებობის პირობებში “ავლიპ ზურაბაშვილის სახელობის საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოებას” გადასცა.

“კლინიკის მხრიდან “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტზე PHR-მა მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. საქმის გამოკვლევის ეტაპზე დადგინდა, რომ პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება მიზნად ისახავდა საავადმყოფოს პოზიციის გამყარებას სასამართლოში, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების, მათ შორის მათი მესამე პირებისთვის გამჟღავნების სამართლებრივ საფუძვლად.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განმარტავს, რომ ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს და მათი შინაარსისა და სენსიტიურობის გათვალისწინებით კანონი აწესებს მონაცემების დამუშავების უფრო მაღალ სტანდარტს. რაც გულისხმობს, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, მათ შორის მათი მესამე პირებისთვის გამჟღავნების ან/და გასაჯაროების კანონით გათვალისწინებული საფუძველების არსებობის შემთხვევაშიც კი, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებისთვის შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით. კანონით გათვალისწინებულია საგამონაკლისო შემთხვევები, როდესაც მონაცემთა სუბიექტს ფიზიკურად ან სამართლებრივად უნარი არ აქვს მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობა განაცხადოს, ხოლო პერსონალური ინფორმაციის დამუშავება აუცილებელია სუბიექტის ან მესამე პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად;

აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან #5 კლინიკური საავადმყოფო, სასამართლოში აფიქსირებდა პოზიციას თითქოს სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის მესამე პირისთვის გადაცემა სრულიად მიღებული პრაქტიკაა ჯანდაცვის სექტორში. იმედი გვაქვს რომ გადაწყვეტილებას პრევენციული ხასიათი ექნება ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სხვა პირებისთვის.

“#5 კლინიკური საავადმყოფო” ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო 1000 ლარით დაჯარიმდა,”- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.