გაბუნია: ხანდაზმულებში „ასტრაზენეკას“ საკმაოდ მაღალი შედეგები აქვს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოწოდება საქართველოსთვის ჩვეულებრივ გაგრძელდება.

როგორც გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, ასევე „ფაიზერთანაც“ მიდის საუბარი, რომ ქვეყანას დამატებითი დოზები პირდაპირი მოლაპარაკების გზით მოეწოდოს.

„ჩვენ ასევე ვმუშაობთ ალტერნატიული ვაქცინების დანერგვის დაჩქარებაზე. „სინოფარმის“ ვაქცინაზე მიდის საუბარი რამდენიმე დღეა. ინტენსიურად გაგრძელდება მოსამზადებელი სამუშაოები იმისთვის, რომ ავტორიზაციის მიღებისთანავე ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობის იმ ჯგუფებისთვის, ვინც რაიმე მიზეზით „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ამ ეტაპზე ვერ გამოიყენებს. მოგეხსენებათ, რომ ასევე არის „ფაიზერის“ ვაქცინით ვაქცინაცია, რასაც არანაირი შეზღუდვა ამ ეტაპზე არ აქვს. დოზები არის გარკვეულწილად ლიმიტირებული, თუმცა, „ფაიზერთან“ მიდის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი დოზები ქვეყანას მოეწოდოს პირდაპირი მოლაპარაკების გზით.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოწოდება გაგრძელდება, რადგან საკმაოდ ფართოა 55 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფი. ის დოზები, რაც ჩვენ გვაქვს ძალიან მცირეა. ხანდაზმულებში საკმაოდ მაღალი შედეგები აქვს „ასტრაზენეკას“ და რა თქმა უნდა, შემოვა, მოწოდება გაგრძელდება ჩვეულებრივ“, – განაცხადა გაბუნიამ.