გაბუნია: ხვალ ქვეყანაში მილიონი კორეული ანტიგენი შემოვა

ხვალ მილიონი კორეული ანტიგენი შემოვა ქვეყანაში, რაც იმის საფუძველი იქნება, რომ მაისის თვეში უფასო ტესტირება გავაგრძელოთ იმ სტრატეგიული პრიორიტეტული ჯგუფებისთვის, ვისი ტესტირებაც მიმდინარეობს ახლა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული კორეული ტესტი.

“ხვალ, დღის ბოლოს მილიონი შეძენილი კორეული ანტიგენი შემოვა ქვეყანაში, რაც იქნება ჩვენთვის იმის საფუძველი, რომ მაისის თვეში გავაგრძელოთ უფასო ტესტირება იმ სტრატეგიული პრიორიტეტული ჯგუფებისთვის, ვისი ტესტირებაც ახლა, ამ პერიოდში მიმდინარეობს. ჩვენთვის მთავარია ტესტირების პროგრამის ფართო გაშლა.

არანაირი დამატებითი შესყიდვა არ განუხორციელებია სამინისტროს ტესტებთან მიმართებაში. ტესტები შევისყიდეთ კორეული კომპანიიდან, როგორც ამას დიდიხანია ვაკეთებდით. ეს არის ორიდან ერთ-ერთი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული კორეული ტესტი, რომელიც აპრობირებულია და ჩვენ პრაქტიკაში კარგად მუშაობს.

რაც შეეხება კერძო სექტორიდან დამატებითი ტეტსტების შესყიდვის საჭიროებას, ეს ოფცია განიხილებოდა როგორც სარეზოვრო, თუმცა ჩვენ არ გვჭირდება ტესტების შესყიდვა, რადგან შესაძლებელია სერვისის შესყიდვა, როგორც „პისიარის“ შემთხვევაში ვაკეთებთ. ასე რომ, გარდამავალ პერიოდზე შესაძლოა დამდგარიყო ამის აუცილებლობა, მაგრამ ეს საჭიროება არ შეიქმნა“ , – განაცხადა გაბუნიამ.