თუ ჩვენ შევინარჩუნეთ ამ ფარგლებში ეპიდსიტუაცია და ის არ „გაგვექცა“ ხელიდან, სააღდგომოდ შეზღუდვებზე საუბარი არ იქნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
გამყრელიძემ ისაუბრა, სააღდგომოდ იგეგმება თუ არა რაიმე სახის შეზღუდვების დაწესება.
„ჯერჯერობით ეს არ განიხილება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე – როგორი ეპიდსიტუაცია გვექნება ჩვენ აპრილში. თუ ჩვენ ამ ფარგლებში შევინარჩუნეთ ეპიდსიტუაცია და ის ხელიდან არ „გაგვექცა“, ასეთ შემთხვევაში შეზღუდვებზე საუბარი არ იქნება, მაგრამ თუ ახალი შემთხვევების სერიოზული მატება იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა, საკოორდინაციო საბჭო ამ საკითხებზე იმსჯელებს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
თავის მხრივ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ამისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი ორი კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების მატება არ დაფიქსირდეს.
„როგორმე უნდა შევძლოთ, რომ ეს ერთი-ორი კვირა მატება არ იყოს. ეს შემდგომ ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ ჩვენ არსებული რეგულაციებით დღესასწაულებს ნორმალურად შევხვდეთ, არამედ იმასაც როგორი იქნება შემდეგ მაისის თვე, ზაფხული და როგორ გაიხსნება ქვეყანაში ტურისტული სეზონი. ამაზეა დამოკიდებული, როგორ გავივლით ახლა ამ პერიოდს, თორემ შემდეგ ვიღა ჩამოვა ქვეყანაში, სადაც ათასობით ავადმყოფი იქნება?!“, – აცხადებს იმნაძე.