გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა, დეპუტატებმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

როგორც დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო ქმედებებმა ქვეყანა შეიყვანა პოლიტიკურ ჩიხში.

„დღეს ადამიანი, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტის შტურმის ქმედებაში არის ბრალდებული, გახდა პოლიტიკური შეთანხმების საგანი. ეს ძალიან სახიფათო პრეცედენტია ამ ქვეყანაში პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების. ამ უპასუხისმგებლობამ აიძულა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ჩართულიყვნენ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, ესეც მოცემულობა და ფაქტია. დღეს, როდესაც რადიკალიზმი არავის სჭირდება, დღეს, როდესაც ჩვენი მოქალაქეები, ადამიანები ყოველდღიური გამოწვევებით არიან დაკავებული, ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა, რომელშიც რადიკალიზმის ადგილი უბრალოდ არ არის. შესაბამისად, ეს შეთანხმება არის შესაძლებლობა ნორმალიზაციის და დაძაბულობის მოხსნის. ჩვენ როგორც ხელმომწერები ვიზიარებთ, რომ ახლა მოქმედებაა მნიშვნელოვანი და მხარეებმა უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა მოცემული პუნქტების ზედმიწევნით, სრულფასოვნად და სწორედ, ხარისხიანად შესრულებისთვის“, – განაცხადა ლილუაშვილმა.