დალაქიშვილი ტყე-ჭალის პროექტის პრეზენტაციაზე – ეს ადგილი ისტორიულია ჩვენი ქალაქისათვის

“მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ საქმეში ისეთ პლატფორმას შევქმნით, რომ ყველა, განურჩევლად მისი პოლიტიკური შეხედულებისა თუ ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებისა, ერთმანეთს შევეჯიბრებით, ვინ უკეთეს მცენარეს დარგავს და ვინ უფრო უკეთ მოუვლის,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა “ქართული ოცნებიდან” ალექსანდრე დალაქიშვილმა რუსთავის ტყე-ჭალის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

როგორც რუსთავის ტყე-ჭალის აღდგენის პროექტის ინიციატორმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა განაცხადა, პროექტის ფარგლებში შერჩეული ტერიტორია ქალაქისთვის ჟანგბადის მნიშვნელოვანი წყაროა და მისი განვითარება ეკოვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლის.

“ეს ადგილი ისტორიულია ჩვენი ქალაქისათვის. ყველა დამეთანხმება, რომ აქ იყო გაუვალი, მასიური ტყე და ჩვენი ქვეყნის რთულ პერიოდში მოხდა ის, რაც მოხდა და ვხედავთ მოშიშვლებულ მინდორს.

მინდა ქალაქის მერიას ვუთხრა დიდი მადლობა, “რუსთავსერვის ცენტრის” ყველა თანამშრომელს, რომლებმაც იშრომეს. პირველ ეტაპზე ავიღეთ ხუთი ჰექტარი მიწის ფართობი, რომელიც არ იქნა შემთხვევით შერჩეული. არის შესაძლებლობა, რომ მცენარეები უწყევატად მოირწყას და ნიადაგიც იძლევა იმის საშუალებას, რომ აქ ხმობის კოეფიციენტი ნაკლები იყოს.

 ხშირად ისმის, რომ ხეებს რგავენ და მერე აღარ ხდება მისი მოვლა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ საქმეში ისეთ პლატფორმას შევქმნით, რომ ყველა, განურჩევლად მისი პოლიტიკური შეხედულებისა თუ ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებისა, ერთმანეთს შევეჯიბრებით, ვინ უკეთეს მცენარეს დარგავს და ვინ უფრო უკეთ მოუვლის.”-განაცხადა პარლამენტის წევრმა, ლექსო დალაქიშვილმა