დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტები გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ორი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ორი კომპანიის ხელმძღვანელი მისცეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისსა და ბათუმში მოქმედი კომპანიის ხელმძღვანელები, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ შემოსავლების არასწორ დეკლარირებას და სათანადოდ არ იბეგრებოდნენ შესაბამისი გადასახადებით, რითაც თავს არიდებდნენ დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას.

მათივე ცნობით, საგადასახადო შემოწმებების შედეგად, ერთ შემთხვევაში, გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 426 711 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 281 123 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში – 168 009 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 111 667 ლარი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.